საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 2010 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ 2010 წელი დიპლომატიური აქტივობით გამოირჩეოდა.
მისი თქმით, ეს იყო წელი, რომელიც განპირობებული იყო ქვეყნის ინტერესების დაცვით. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს მხოლოდ მან 37 ვიზიტი გამართა, 67 - მისმა მოადგილეებმა, ხოლო საგარეო უწყებამ 70-მდე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაცია მოაწყო. 23 ქვეყანასთან დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები და დღეისათვის გაეროს 191 ქვეყნიდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 145 ქვეყანასთან აქვს. `იმედია მომავალ წელს ამ სიას ამოვწურავთ,`- განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, 2010 წელი გამორჩეული იყო ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების კუთხითაც. როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ამ პერიოდში 67 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
`ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, სამი ახალი საელჩო გავხსენით და ეს ქვეყნებია: ბრაზილია, პორტუგალია და მექსიკა. მომავალ წელსაც 3 საელჩო გაიხსნება. ერთია სამხრეთ აფრიკაში, დანარჩენზე კი შემდეგ მოგახსენებთ,`- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მტკივნეულ თემად რჩება და ამ კუთხით მიმდინარე წელს ბევრი სამუშაო ჩატარდა. "ამ საკითხზე მომავალ წელს უფრო მეტს ვიმუშავებთ,"- დასძინა მინისტრმა.