მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის ქმარი ამ წუთებამდე დაკითხვაზე რჩება. ამჯერად, ელდარ დავითიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების კითხვებს პასუხობს. სოდში მისვლამდე, ბაბუცა გორდაძის ქმრის დაკითხვა პოლიციაში ღამის 12 საათამდე გრძელდებოდა. პოლიციაში იმყოფებოდნენ დაკავებული გორდაძის და და დედაც. სავარაუდოდ, მოწმეების დაპირისპირება უნდა მომხდარიყო, თუმცა ჯერჯერობით მათი პირისპირ შეხვედრა არ შედგა. უცნობია, თუ რა ჩვენება მისცა სამართალდამცველებს მოწმე ელდარ დავითიანმა. იგი თბილისში სტამბოლიდან ჩამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მან წაიყვანა ქართველი ქალები მალაიზიაში. დაკავებულების ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ წარსულში ნასამართლევ დავითიანს ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ქალბატონები არ გააფრთხილა. ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში 25 ოქტომბერს დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მეტამფიტამინის გადაზიდვა, რისთვისაც ქვეყნის კანონმდებლობა სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს.
|