რუსული ტელეარხის `ენ-ტე-ვე პლუსის` სტუმარი ცნობილი რუსი ჟურნალისტი ქსენია სოკოლოვა იყო. გადაცემაში მიწვევის მიზეზი პოპულარულ გამოცემა `ჯიქიუში` გამოქვეყნებული ინტერვიუ გახდა. ორი სკანდალური ჟურნალისტი, ორი ქსენია - სობჩაკი და სოკოლოვა -საქართველოს სტუმრობდნენ, ისინი პირადად შეხვდნენ და ესაუბრნენ საქართველოს პრეზიდენტს. ჟურნალისტებმა გადაცემაში თავიანთი ემოციები და სიმპატიები ვერ დამალეს მიხეილ სააკაშვილის და ზოგადად საქართველოს მიმართ და ამავდროულად ღიად გააკრიტიკეს რუსეთის პრემიერი პუტინი, მიუხედავდ იმისა, რომ გადაცემის წამყვანების კითხვები პროვოკაციული იყო და სურდათ, სტუმრისგან მათთვის სასურველი პასუხები მიეღოთ. `მიხეილ სააკაშვილი ძალიან ყურადღებიანია და კორექტული აღმოჩნდა. დავათვალიერეთ პრეზიდენტის სასახლე, სხვადასხვა ადგილები, ვნახეთ ბათუმი. მე ქმონია ინტერვიუ ძალიან ბევრ ლიდერთან, რამზან კადიროვით დაწყებული, ემირებით დამთავრებული, მაგრამ ეს სულ სხვაა. ეს არ არის აღმოსავლური ტიპის შეხედულება და ნივთებით ტკბობა. ეს არ არის იმპერია, აქ სულ სხვა იდეაა. `ინტერვიუს ნახევარი ჩვენ პუტინზე საუბარს დავუთმეთ. მათ შორის სტილისტური განსხვავება იმდენად დიდია, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ რომ დააყენო, აუცილებლად კედელი აღიმართება. აბსოლუტურად ყველაფერი - გემოვნება, მენტალიტეტი, ცნობიერება, - ურთიერთსაპირისპირო აქვთ. ამ ადამიანებს ერთმანეთი არასოდეს მოეწონებათ. და თუ ეს პოლიტიკოსები განსაზღვრავენ ორი ქვეყნის ურთიერთობებს, მაშინ ეს ურთიერთობა ან მტრული იქნება, ან არანაირი,` - თქვა სოკოლოვამ.
|